Wednesday 29 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 17 hours ago

აშშ და იაპონია ურთიერთობების ახალ „ოქროს ხანას“ იწყებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი ტოკიოში მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ხელი მოაწერეს დოკუმენტს იშვიათ მიწათა მინერალების შესახებ და ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში ახალი „ოქროს ხანის“ დაწყება გამოაცხადეს. დღეს, 28 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას ტრამპმა და ტაკაიჩიმ ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია და განაცხადა, რომ ეს დიდი მიღწევაა და ტაკაიჩი ერთ-ერთი უდიდესი პრემიერი გახდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ტრამპის მშვიდობისმყოფელობას. თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის ინფორმაციით, სანაე ტაკაიჩომ დონალდ ტრამპთან დღევანდელი შეხვედრისას თქვა, რომ მას ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგენენ. კონსერვატორი სანაე ტაკაიჩი იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა 2025 წლის 21 ოქტომბრიდან. იაპონიის და შეერთებული შტატების შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათ მიწათა ელემენტების მიწოდების შესახებ მიზნად ისახავს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ამ სფეროში ჩინეთი პრაქტიკულად, მონოპოლისტია ტოკიოში ხელმოწერილი დოკუმენტით, უახლოეს ექვს თვეში მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ პრიორიტეტულ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მაგნიტების, აკუმულატორების, კატალიზატორების და ოპტიკური მასალების წარმოება და შექმნიან ძირითადი მინერალების სტრატეგიულ მარაგებს. ეს ელემენტები თანამედროვე ტექნიკის და იარაღის წარმოებას სჭირდება. ტოკიოში დღევანდელი მოლაპარაკებისა და სადილის შემდეგ ტრამპი და ტაკაიჩი იმყოფებოდნენ იაპონიის დედაქალაქის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, სადაც დისლოცირებულია ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიის პრემიერის თანახმად, ავტომწარმოებელი Toyota აპირებს ამერიკაში ახალი ქარხნების აშენებას და ამ მიზნით ათ მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას. ტრამპმა ამერიკელ სამხედროებს ურჩია, Toyota-ს ავტომობილები შეიძინონ. ამ წლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ იაპონური პროდუქციის იმპორტი 15%-ით დაიბეგრება და არა 25%-ით, როგორც ტრამპი თავიდან გეგმავდა. სანაცვლოდ იაპონიამ აიღო ამერიკის ეკონომიკაში 550 მილიარდი დოლარის ინვესტირების და ამერიკული პროდუქციის იმპორტის გაზრდის ვალდებულება.


Latest News
Hashtags:   

იაპონია

 | 

ურთიერთობების

 | 

„ოქროს

 | 

ხანას“

 | 

იწყებენ

 | 

Sources