Saturday 18 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 days ago

4 ოქტომბრის საქმეზე, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე, სავარაუდოდ, კიდევ რვა ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები და დაკავებულების ოჯახის წევრები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა სამოქალაქო აქტივისტი, თბილისში გამართული აქციების აქტიური მონაწილე მარიამ მეყანწიშვილი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ის სახლში 17 ოქტომბერს, დილით ადრე დააკავეს და ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებამდე ორი დღით ადრე, მარიამ მეყანწიშვილი რუსთაველის გამზირზე მისულ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტენონს შეხვდა, გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა. მარიამ მეყანწილშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დააკავეს. 21 თებერვალს ის პოლიციამ „დაუმორჩილებლობისთვის“ დააკავა. ივლისში კი ის თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებისას დააკავეს. ის სასამართლომ 3500 ლარით დააჯარიმა. კიდევ ერთი დაკავებულის, სიმონ მახარაძის შესახებ ავრცელებს ცნობას მისი ოჯახის წევრი. ის ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი ოზურგეთში, 17 ოქტომბერს, დილის შვიდის ნახევრისთვის, მასთან სახლში დააკავეს. ახალგაზრდა კაცი აღწერს, როგორ დააკავეს სიმონ მახარაძე: „მცირეწლოვან ბავშვებს ავტომატი დაადევს თავზე ხალხო... მე არაო... 4 წლის ბავშვი იძახდა... სახლში შემოვარდნა არ აკმარეს ხალხო და ძაღლებს მოგიკლავო... ერთი ადამიანის დასაკავებლად... ტერორისტია? იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ და ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარა, ისე რომ არ გაითვალისწინა ბავშვები. ორი ბატალიონი შემოვარდა ავტომატებით“... ინფორმაცია ვრცელდება კიდევ 6 დაკავებულის შესახებ. ესენი, სავარაუდოდ, არიან დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, თემურ ქურციკიძე, მიხეილ და გიორგი თოლორაიები. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით არ უდასტურებენ, რა საქმეზე და რამდენი ადამიანია დაკავებული. 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა. იმავე ღამეს დააკავეს 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში, საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ ღამეს მართავდა ბრიფინგებს და საზოგადოებას ატყობინებდა ხან 13, ხან 12, ხან 7 და ა.შ. 16 ოქტომბრის მონაცემებით, საორგანიზაციო კომიტეტის 5 წევრის გარდა, პოლიციას კიდევ 41 ადამიანი ჰყავდა დაკავებული.


Latest News
Hashtags:   

ოქტომბრის

 | 

საქმეზე

 | 

სავარაუდოდ

 | 

კიდევ

 | 

რამდენიმე

 | 

ადამიანი

 | 

დააკავეს

 | 

Sources