Friday 17 October 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 days ago

პაპუაშვილის თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში მყოფმა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებულ დემონსტრანტებთან მივიდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს პლატფორმა X-ზე და აღწერს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს: „რომ იცოდეთ: ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც ასევე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, დედაქალაქის მთავარი გამზირია. თქვენ თვალს ადევნებთ რამდენიმე ათეული რადიკალის სცენას, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელი დააზიანეს, რომელთაგან ორი მძიმედ დაშავდა. ისინი გზას კანონის დარღვევით კეტავენ. საქართველოს კანონმდებლობა, ისევე როგორც ეუთოს ნებისმიერი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ყველგან შეკრების უფლების გარანტიას იძლევა და გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც ტროტუარზე დიდი რაოდენობის ხალხის განთავსება შეუძლებელია. ფინელმა მინისტრმა შეიძლება ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია. ასევე ხედავთ, მინისტრის უკან, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც იმ რამდენიმე ათეულზე ათჯერ მეტი ხალხი, მათ შორის თავად ფინელი მინისტრი, ადვილად შეიძლება განთავსდეს მშვიდობიანი შეკრებისთვის, მოძრაობის გადაკეტვის გარეშე. ის, რასაც ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე აკეთებს, არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს ასევე არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც მიიღეს იმავე ქალაქში, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა განთავსებული“, - წერს შალვა პაპუაშვილი პლატფორმა X-ზე. ის ასევე ამბობს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს. შალვა პაპუაშვილის ამ განცხადების პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 15 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა. 14 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა და იქვე გადაიღო მოკლე ვიდეომიმართვა, რომელიც X-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ელინა ვალტონენი მიმართვაში აღნიშნავს, რომ პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ქვეყნის გეზის გამო შეშფოთებული მოქალაქეები. 15 ოქტომბრის დღის წესრიგის თანახმად, გარდა ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილი შეხვედრისა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის ინიციატივით გაუქმდა, ელინა ვალტონენი ოკუპაციის ხაზთან გეგმავს მისვლას. ის საქართველოს 15 ოქტომბერს დატოვებს.


Latest News
Hashtags:   

პაპუაშვილის

 | 

თქმით

 | 

ფინეთის

 | 

საგარეო

 | 

საქმეთა

 | 

მინისტრმა

 | 

საქართველოს

 | 

კანონმდებლობა

 | 

დაარღვია

 | 

Sources