Sunday 2 November 2025
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 hours ago

დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თათა ფერაძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თათა ფერაძე დააკავეს.­ მისი სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. ადვოკატი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ თათა ფერაძეს 25 ოქტომბერს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმე მოსამართლე კობა ჩაგუნავამ უნდა განიხილოს. „ამ დღეს ის გზას არ კეტავდა, მტკიცებულებების გაცნობის საშუალება ჯერ არ მოგვცემია“, - ამბობს ადვოკატი. თათა ფერაძე, დღეს 2 ნოემბერს სახლთან დააკავეს. საქალაქო სასამართლოში დღეს კიდევ ორი დემონსტრანტის სხდომა უნდა გაიმართოს. სერგეი ყანჩელი და ლევან ბუტიკაშვილი გუშინ, პირველ ნოემბერს დააკავეს. ამასთან, გამკაცრებული კანონის ამოქმედების შემდეგ პირველად, გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს ზურაბ მენთეშაშვილი, რომელმაც ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი სამი დღის წინ დატოვა. „სამართალდარღვევის განმეორებით ჩადების გამო“ ზურაბ მენთეშაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. ის პირველი დემონსტრანტია, რომლის წინააღმდეგაც გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ადვოკატი ჯანო ჭკადუა ვარაუდობს, რომ აღკვეთის ღონისძიების სხდომა ხვალ, 3 ნოემბერს გაიმართება. უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმას მოითხოვს პროკურატურა, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დააპატიმრებენ. მხოლოდ წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს. ჯამში, გამკაცრებული კანონის ამოქმედების შემდეგ გზის გადაკეტვის მოტივით შსს-მ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. გამკაცრებული კანონმდებლობის მიუხედავად, აქციები გრძელდება. დემონსტრანტები გარკვეული დროით მაინც კეტავენ რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობას. გრძელდება აქციის მონაწილეთა ყოველდღიური დაკავებები.


Latest News
Hashtags:   

დააკავეს

 | 

„კოალიცია

 | 

ცვლილებისთვის“

 | 

წევრი

 | 

ფერაძე

 | 

Sources