Friday 14 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 29 days ago

დევიდ კრამერი - გულწრფელად რომ გითხრათ, მელიას პატიმრობა არის ტაქტიკური შეცდომა „ქართული ოცნების“ მხრიდან

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ ჯეი გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის უფროსი მეცნიერთანაშრომელი, დევიდ კრამერი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი კრიზისის განსამუხტავად და გაათავისუფლოს ნიკა მელია და გიორგი რურუა. ამ თემაზე მან ილაპარაკა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მოწყობილი ონლაინ დისკუსიის დროს: „მე არ წარმოვადგენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. არ წარმოვადგენ არცერთ პარტიას საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ შევხვედრივარ ბატონ მელიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისმა დაპატიმრებამ ჩიხი გადააქცია კრიზისად. არ მესმის, როგორ შეიძლება გადაჭრა კრიზისი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, როცა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის. მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი და ეს არის ბატონი მელიას გათავისუფლება. ბატონი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს უნდა გაკეთებულიყო იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ. ბატონი მელია წარმოადგენს მთავარ ოპოზიციურ პარტიას. ის უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს არის ტაქტიკური შეცდომა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან, თუკი ისინი გაათავისუფლებდნენ ბატონ მელიას, ზეწოლა თანაბრად განაწილდებოდა ყველა მხარეზე, რომ მათ მოეძებნათ რაღაც კომპრომისი. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციამ უნდა დაიკაოს თავისი ადგილები პარლამენტში, თუკი „ქართული ოცნება“ დათანხმდება მისცეს მათ მნიშვნელოვანი საპარლამენტო თანამდებობები. ვფიქრობ, ბატონი მელიას გათავისუფლების გარეშე, დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და უნდა გაძლიერდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე“. დევიდ კრამერის შეფასებით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, საქართველო ჩიხში აღმოჩნდა: „“ქართულმა ოცნებამ“ და მთავრობამ ეს ჩიხი გადააქციეს კრიზისად, მას შემდეგ, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა მოითხოვა ნიკა მელიას დაპატიმრება. ყოფილმა პრემიერმინისტრმა გახარიამ უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე და გადადგა. ბატონი გახარია არის ის, ვისაც მე ვაკრიტიკებდი 2019 წელს, როცა ის შს მინისტრი იყო, იმის გამო, როგორც მან უპასუხა პროტესტს მას შემდეგ, რაც გავრილოვი საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდა. თუმცა, მე შევაქე გახარია, როცა მან დაიკავა, ჩემი აზრით, პრინციპული პოზიცია მელიას დაკავებაზე უარის თქმით. თუმცა, ბატონმა ივანიშვილმა ნახა გამოსავალი - გახარიას გადადგომის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა ბატონმა ღარიბაშვილმა. ის მოვიდა ძალიან დიდი ენთუაზიაზმით შეესრულებინა ივანიშვილის ბრძანებები და დაეპატიმრებინა მელია. სულ რაღაც დღეებში ჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე რეიდი განხორციელდა და შემდეგ დააკავეს ბატონი მელია“. დევიდ კრამერი აფრთხილებს ბიძინა ივანიშვილს, რომ სანქციები მის წინააღმდეგ შეიძლება რეალობად იქცეს: „მე გამოვედი ივანიშვილსა და პრემიერმინისტრზე სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით, თუკი ბატონი მელია არ გათავისუფლდება. არ ვიცი, ამის განხორციელების რა ალბათობა არსებობს, მაგრამ ასე ვიტყოდი: არა მგონია, ბატონ კოლომოისკის უკრაინაში ან ბატონ პლახოტნიუკს მოლდოვაში ეგონათ, რომ ერთ დღესაც მათ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა აშშ, მაგრამ ეს მოხდა. ასე რომ, მე ფრთხილად ვიქნებოდი, თბილისში რომ ვიჯდე და მეგონოს, რომ ეს ჩემს თავს არასდროს მოხდება. ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, როცა კონგრესი დაბრუნდება სესიაზე ვაშინგტონში, ამ საკითხის მიმართ ალბათ მეტი ყურადღება იქნება“.


Latest News
Hashtags:   

დევიდ

 | 

კრამერი

 | 

გულწრფელად

 | 

გითხრათ

 | 

მელიას

 | 

პატიმრობა

 | 

ტაქტიკური

 | 

შეცდომა

 | 

„ქართული

 | 

ოცნების“

 | 

მხრიდან

 | 

Sources