Monday 10 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 26 days ago

შსს-ს განცხადებით, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირია დაკავებული

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების შესახებ იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სოფელ გუმათში 6 პირი დააკავეს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის. აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ მათი შეკრების მიზანი კომპანია „ენკას“ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა იყო. მიუხედავად პოლიციის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზის სავალი ნაწილი, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, რის შემდეგაც პოლიციამ გამოიყენა იძულების პროპორციული ღონისძიებები , - აცხადებს შსს.  13 აპრილს, საღამოს, „რიონის ხეობის მცველებმა გზა გადაკეტეს. მათ გამოაცხადეს, რომ გაატარებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „ენკას ავტომანქანებს კი გადაადგილების საშუალებას არ მისცემდნენ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. 12 მარტს ადგილზე პროტესტის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვეს მინისტრებმა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მათ შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენეს. ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია. რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი უკვე 137 დღეა გრძელდება - 137 ღამეა, იქ გაშლილ კარავში ათევენ ჰესის მოწინააღმდეგეები. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.


Latest News
Hashtags:   

განცხადებით

 | 

სოფელ

 | 

გუმათში

 | 

მიმდინარე

 | 

საპროტესტო

 | 

აქციაზე

 | 

პირია

 | 

დაკავებული

 | 

Sources