Saturday 15 May 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ უკრაინის სოლიდარობის აქცია მართავს

„გირჩი-მეტი თავისუფლება“ უკრაინის საელჩოსთან მართავს სოლიდარობის აქციას, რომლის მთავარი გზავნილია „ხელები შორს უკრაინისგან, ხელები შორს საქართველოსგან“. საელჩოსთან თავმოყრილი ადამიანები აპროტესტებენ უკრაინის მიმართ მიმდინარე რუსულ აგრესიას და მიიჩნევენ, რომ ამ აგრესიაზე საქართველოს ხელისუფლებას უფრო ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო გულწრფელი და ხმამაღალი პროტესტი გამოხატოს უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე რუსული პროვოკაციის გამო. „არ შეიძლება ასეთ დროს მეგობრების მიტოვება. პირიქით, ჩვენც და უკრაინაც მეგობრები მეგობრებად, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენ ორივე მივდივართ დასავლეთისკენ, თავისუფალი სამყაროსკენ, ორივეს გვინდა რომ გავხდეთ ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი, და პირველ რიგში ამის გამო რომ ჩვენი მისწრაფებები მიდის დასავლეთისკენ, ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩრდილოელ მეზობელთან. ყოველთვის როცა ჩვენ გვიჭირდა, უკრაინა ჩვენს გვერდით იდგა და როცა უკრაინას უჭირს, ჩემი აზრით ეს ქვეყანა ფორმალურად გულწრფელად უნდა დაუდგეს უკრაინას გვერდით. იმიტომ, რომ მართლაც ძალა ერთობაშია, როგორც ეს ჩვენს გერბზე აწერია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა უკრაინის ელჩიც, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა და მხარდაჭერა. მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის უკრაინის გვერდში დგას და მათ საერთო მიზნები. ელჩმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა სოლიდარობის აქციის გამართვის გამო: „დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გვერდში დგომას და გვჯერა, რომ ერთად დავძლევთ საფრთხეებს“, - აღნიშნა უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“ საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს. უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა და ნატომ.  8 აპრილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების შესახებაც.  უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი კაცი დევნილად იქცა.


Latest News
Hashtags:   

„გირჩი

 | 

თავისუფლება“

 | 

უკრაინის

 | 

სოლიდარობის

 | 

აქცია

 | 

მართავს

 | 

Sources