Thursday 15 April 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 1 month ago

არასამთავრობო და საერაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან შშმ პირთა უფლებების კონვენციის ოქმის რატიფიცირებას

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას. „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, შშმ პირთა თემისა და ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, ოქმის სავალდებულოდ აღიარება მისი ხელმოწერიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი: „იმედს ვიტოვებთ, რომ ოქმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას როგორც ინდივიდუალური შემთხვევების, ისე ზოგადი პოლიტიკის დონეზე. თუმცა, ცხადია, მხოლოდ მისი რატიფიცირება ვერ შექმნის თემის წევრთა უფლებების დაცვის საკმარის გარანტიებს და სახელმწიფოს კვლავაც აკისრია ვალდებულება, უმოკლეს ვადებში გაატაროს მთელი რიგი რეფორმები იმ მძიმე და, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკული გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც შშმ პირები წლების განმავლობაში დგანან“. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გარანტირებისთვის. მისი ძალაში შესვლით თემის წევრებს დარღვეული უფლებების აღსადგენად გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევათ. ოქმი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს კომიტეტს, შეისწავლოს ქვეყანაში კონვენციის მძიმე და სისტემატიური დარღვევები და სახელმწიფოზე გასცეს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. შშმ პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას ეხმაურება  საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფი და მნიშვნელოვნად აფასებს ყველა მონაწილეს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, ქმედით წვლილს ოქმის რატიფიცირების პროცესში. გაეროს მუდმივი კოორდინატორის საბინე მახლის განცხადებით, 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ ახალი კანონის მიღებასთან ერთად, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება გამოხატავს საქართველოს ძალისხმევას შესაბამისობაში მოიყვანოს ეროვნული პოლიტიკა და მარეგულირებელი ჩარჩო-დოკუმენტები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კონვენციის მხარე სახელმწიფოებისაგან ითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და გარანტირებას. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2014 წელს მოახდინა. ფაკულტატური ოქმი ადგენს ორ პროცედურას. პირველი, ეს არის გასაჩივრების პროცედურა, რომლის მეშვეობით ინდივიდებს და ჯგუფებს, კონვენციით გათვალისწინებული მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ საჩივრები წარადგინონ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში. მეორე  - გამოკითხვის პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს კომიტეტს გამოიძიოს მხარე სახელმწიფოს მიერ კონვენციის მძიმე ან სისტემატიური დარღვევის შესახებ ბრალდება. 2020 წლის ნოემბრისთვის, კონვენცია რატიფიცირებულია 182 წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელთაგან 96 სახელმწიფო კონვენციის ფაკულტატური ოქმის მხარეს წარმოადგენს.


Latest News
Hashtags:   

არასამთავრობო

 | 

საერაშორისო

 | 

ორგანიზაციები

 | 

მიესალმებიან

 | 

პირთა

 | 

უფლებების

 | 

კონვენციის

 | 

ოქმის

 | 

რატიფიცირებას

 | 

Sources