Tuesday 2 March 2021
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 7 days ago

1000 მშობლის მარში 8 მარტს გაიმართება

1000 მშობლის მარში , რომელიც 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, 8 მარტს ჩატარდება. ამის შესახებ განცხადება აქციის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. მარშის გადადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 26 თებერვალს, ოპოზიციური პარტიების ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია დაანონსდა. „ქალთა მოძრაობა კატეგორიულად გმობს საპოლიციო ძალების მიერ ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისის დარბევას და პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებას. ცხადად ვხედავთ, პოლიციის შტურმი და ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, როგორ აღრმავებს საზოგადოების პოლარიზაციას და სამოქალაქო დაპირისპირებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აგრესიული მეთოდების დემონსტრირების ნაცვლად, გამოიყენოს არაძალადობრივი და სამართლებრივი გზა ვითარების დეესკალაციისთვის. ამ ფონზე განვითარებული მოვლენების გამო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, 26 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი „1000 მშობლის მარში“, 8 მარტს ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს გადავიტანოთ“, - ნათქვამია ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „1000 მშობლის მარში“ ნაწილია 100-დღიანი კამპანიისა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. კამპანია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თებერვლის დასაწყისში, 14 წლის გოგომ, რომელზეც 23 წლის კაცმა სექსუალურად იძალადა, თავი მოიკლა. მარშის ორგანიზატორების განცხადებით თანახმად, უცვლელია მათი მოთხოვნები:   შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახადეთ სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. 1000 მშობლის მარში საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება.


Latest News
Hashtags:   

მშობლის

 | 

მარში

 | 

მარტს

 | 

გაიმართება

 | 

Sources