Wednesday 30 September 2020
Home      All news      Contact us      RSS      English
radiotavisupleba - 2 month ago

თბილისში უსაფუძვლო უწოდეს ბეირუთის ტრაგედიასთან საქართველოდან წაღებული ტვირთის დაკავშირებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უსაფუძვლო უწოდა ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირებას. მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თურნავამ თქვა, რომ ამონიუმის გვარჯილა აზოტოვანი სასუქია, რომელიც იწარმოება მთელ მსოფლიოში, უკვე წლებია მას საქართველოც აწარმოებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თუ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ამ პროდუქტის შენახვის და მოხმარების ტექნოლოგია დაცული არ არის, შესაძლოა, სავალალო შედეგი დადგეს. თურნავას ინფორმაციით, 2013 წელს, საქართველოს ერთ-ერთ პორტში გემი ამონიუმის გვარჯილით დაიტვირთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით და მომდევნო 7 წლის განმავლობაში ვინ შეიძინა და რა პირობებში იყო შენახული, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა პასუხს ვერ აგებს. ეკონომიკის მინისტრმა ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა. ლიბანის დედაქალაქის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ორი ძლიერი აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 137 ადამიანი და 5 ათასამდე დაშავდა. პორტის ინფრასტრუქტურის გარდა, დანგრეული ან დაზიანებულია 10 კილომეტრის მანძილზე მდებარე შენობები. ლიბანის ხელისუფლებამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად დაასახელა პორტის ერთ-ერთ საწყობში ამონიუმის ნიტრატის(გვარჯილის) შენახვის წესების დარღვევა. ამ პროდუქტით 2013 წელს, ბათუმის პორტში დაიტვირთა გემი Rhosus-ი, რომელსაც ტვირთი მოზამბიკში უნდა ჩაეტანა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო სექტემბერში გაჩერდა ბეირუთის პორტში. გემი დააკავეს, ლიბანის საბაჟო სამსახურმა კი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. დიდი ალბათობით, ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის გვარჯილა რუსთავის „აზოტის“ მიერაა წარმოებული. მოლდოვის დროშით მცურავი გემი Rhosus-ი ეკუთვნოდა რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკის მკვიდრს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს, რომელმაც ბეირუთში დაკავებული გემის ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.


Latest News
Hashtags:   

თბილისში

 | 

უსაფუძვლო

 | 

უწოდეს

 | 

ბეირუთის

 | 

ტრაგედიასთან

 | 

საქართველოდან

 | 

წაღებული

 | 

ტვირთის

 | 

დაკავშირებას

 | 

Sources