Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

დეზინფორმაციის საკითხებზე პარლამენტის ანგარიშს საქართველოს რეფორმების ასოციაცია ეხმაურება

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) განცხადებას აქვეყნებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე  საქართველოს პარლამენტის თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის მუშაობისა და საბოლოო ანგარიშის შესახებ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ათწლეულზე მეტია, საქართველო რუსული ჰიბრიდული ომის, მათ შორის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მავნე ზეგავლენისა და ავტორიტარული ჩარევის ის მეთოდები და ტაქტიკა, რასაც რუსეთი ახლა უკვე დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში იყენებს, წლების წინ სწორედ საქართველოში გამოიცადა. რუსული პროპაგანდა მრავალი წელია ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა შეასუსტოს და საქართველოს პარტნიორი დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების მიმართ მხარდაჭერა შეამციროს. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად რუსული დეზინფორმაციის მკაფიო და მავნე გამოხატულებებისა, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას გაუმართლებლად დიდი ხანი დასჭირდა აღნიშნული საფრთხის აღიარებისთვის და სახელმწიფო დოკუმენტებში დეზინფორმაციის გამოწვევების ასახვა მხოლოდ 2017-2018 წლებიდან დაიწყო. GRASS-ს მიაჩნია, რომ ფორმალური აღიარების მიუხედავად, საქართველოში როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე არ გადადგმულა დეზინფორმაციასთან ბრძოლის რეალური და ეფექტიანი ნაბიჯები, რომელიც, ერთი მხრივ, საზოგადოების მედეგობას გაზრდიდა, ხოლო, მეორე მხრივ, მტრული დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ ქვეყნის სისუსტეებს და მოწყვლადობას შეამცირებდა. საქართველოს რეფორმების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაგვიანებული, თუმცა, მაინც მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა, როდესაც 2018-2020 წლების კომიტეტის სტრატეგიაში ანტიდასავლური პროპაგანდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ გამოყო. 2019 წლის თებერვალში კი კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევა დაიწყო. თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზნად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული გამოწვევების გაანალიზება და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების პროექტის მომზადება განისაზღვრა. განცხადების მიხედვით, თემატური მოკვლევის ჯგუფმა თავდაპირველად შეძლო ღია და ინკლუზიური პროცესი შეექმნა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა 2019 წლის გაზაფხულზე წერილობითი და ზეპირი ფორმით საკითხზე დასაბუთებული მოსაზრებები წარადგინეს. მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის გამოწვევების მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარებები მოხდა, მოკვლევის ჯგუფის მუშაობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მიეცათ. საბოლოო დასკვნა 2020 წლის 3 თებერვალს გასაჯაროვდა. როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ აცხადებს, ანგარიში ცხადყოფს, რომ მოკვლევის პროცესში სახელმწიფო უწყებები არასათანადოდ იყვნენ ჩართულები. მაგალითად, გამოკითხვებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობის მიუხედავად, მოკვლევის ჯგუფს ამ უწყების წერილობითი ან აუდიოჩვენება არ მიუღია. მოკვლევის ჯგუფში ასევე არ მონაწილეობდა განათლების სამინისტრო, რომლის როლიც მტრულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსში ძალიან მნიშვნელოვანია; ასევე არ მიუღია მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის 2019-2021 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია აღიარებს ყალბი ინფორმაციის გავრცელების შედეგად წარმოქმნილ რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი აფასებს სახელმწიფო უწყებების საქმიანობას, ცალკეული სამინისტროს გამოწვევების შესაბამისი და დეტალური რეკომენდაციები არ არის მოცემული. ორგანიზაციის განცხადებით, პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ანგარიში არასათანადოდ აფასებს 2019 წლის დეკემბერში Facebook-ის მიერ გამოვლენილ არაავთენტურ და კოორდინირებულ ქმედებაში ჩართული ქსელის გამოვლენას, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და კომპანია „პანდასთან“ იყო დაკავშირებული. მსგავსი არადემოკრატიული პრაქტიკა, რომელიც მმართველ გუნდთან იყო დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს, გარე ჩარევების მიმართ საქართველოს მოქალაქეების მოწყვლადობას კიდევ უფრო ზრდის. მიუხედავად ამისა, განცხადების თანახმად, ანგარიში მოიცავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, მათ შორის: • პარლამენტში ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის ზეპარტიული ფორუმის შექმნა და შესაბამისი განხილვების უზრუნველყოფა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფისა და საგამოძიებო კომისიების ფორმატების გამოყენებით; • პარლამენტის მხრიდან სოციალურ ქსელებთან (Facebook) თანამშრომლობის დაწყება და Facebook-ის რიგი რეგულაციების (მათ შორის, რეკლამის გამჭვირვალობა, მათი სპონსორების ვინაობის გასაჯაროება, სხვ.) საქართველოზე გავრცელების უზრუნველყოფა; • რუსეთთან აფილირებული კერძო, არასამთავრობო, მედია და პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსების გამჭვირვალობის ზრდა და ამ მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება; • აღმასრულებელ დონეზე ზეპარტიული უწყებათაშორისი ორგანოს/მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს მყისიერ წინმსწრებ კომუნიკაციას დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე, მათ შორის, არჩევნებში პოტენციური გარე ძალის ჩარევის შესახებ. როგორც ცნობილია, ანგარიში დასამტკიცებლად უნდა გადაეცეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რის შემდეგაც მას სავალდებულო ხასიათი უნდა მიეცეს. „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რომ უახლოეს პერიოდში განიხილონ და დაამტკიცონ მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიში. GRASS აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გააცნობიეროს, რომ პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობისა და მისი საბოლოო ანგარიშის ღირებულება პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან რეკომენდაციების შესაბამისად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით განისაზღვრება.

Related news

Latest News
Hashtags:   

დეზინფორმაციის

 | 

საკითხებზე

 | 

პარლამენტის

 | 

ანგარიშს

 | 

საქართველოს

 | 

რეფორმების

 | 

ასოციაცია

 | 

ეხმაურება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources