Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

თალაკვაძე: საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი არ მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველო ევროპის საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა. „საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ თავმჯდომარეობის ფარგლებში გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი უზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ უზრუნველყო. ეს არის დადგენილი პრაქტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს“, - უთხრა დღეს, 14 თებერვალს ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა არ მოხდება. მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ.  მინისტერიალში ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. „ბატონ ლავროვთან დაკავშირებით და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები სწორედ ჩვენ გავაკეთეთ. ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა აქ რეალურად არაფერს არ ცვლის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას, თუ მის წარმომადგენლებს, მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი. რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ჩვენ ევროპის საბჭოსთან, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება“, - განაცხადა დღეს თალაკვაძემ. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და შესრულდება საერთაშორისო ვალდებულებებიც. ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზეც, რომ თუ სუვერენულ სახელმწიფოში ვინმეს ჩასვლა-არჩასვლა რამეს ცვლის, ესე იგი, იქ რაღაც კარგად ვერ არის. „ქალბატობ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ქალბატონი ზახაროვა წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმქაცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან, პირველ რიგში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 13 თებერვალს, ზახაროვამ რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს წამყვანთან თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს აღიქვამს სუვერენულ ქვეყნად, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ საკუთარი ინტერესები აქვს რუსეთსაც. ზახაროვას თქმით, სუვერენულ სახელწიფოში მეორე ქვეყნის წარმომადგენლის ჩასვლა, ან არჩასვლა არაფერს არ უნდა ცვლიდეს: „ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც კარგად არ არის“.  

Related news

Latest News
Hashtags:   

თალაკვაძე

 | 

საქართველოს

 | 

ეროვნული

 | 

ინტერესების

 | 

ხარჯზე

 | 

არავითარი

 | 

კომპრომისი

 | 

მოხდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources