Tuesday 25 February 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 11 days ago

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი: ახალგორის სკოლებში ქართული ენის აკრძალვამ საგანგაშო სახე მიიღო

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის გამო უნდა გამოიყენოს სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვის საკითხი: „უკანასკნელ პერიოდში, ახალგორში ორი ქართული სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური“. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ახალგორის პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა გათავისუფლებამდე შენიშვნა მიიღო დაწყებით კლასებში ქართულ ენაზე მოსაუბრე მოსწავლეების და მასწავლებლების გამო. დირექტორი გააფრთხილეს, რომ ბავშვებმა შესვენებაზეც კი არ უნდა ისაუბრონ ქართულად იმ ბავშვებთან, რომელთა კლასებიც ჯერ ისევ ქართულ ენაზე სწავლობენ. კითხვებს ბადებს ამავე პერიოდში მეორე ქართული სკოლის დირექტორის, მზია ფსუტურის გათავისუფლებაც. თუმცა, საოკუპაციო ძალები ნინო ამირანაშვილის გათავისუფლებას წეროვნიდან გადასული მოსწავლეების საჭირო დოკუმენტაციის გარეშე გაფორმებას, ხოლო მზია ფსუტურის შემთხვევაში, პედაგოგიური განათლების უქონლობას უკავშირებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებითვე, ახალგორის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ენის აკრძალვა ბოლო წლებში საგანგაშო სახეს იძენს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ცხინვალიდან ახალგორში ჩასულმა ე.წ. საგანმანათლებლო კომისიამ მსგავსი გაფრთხილებები მისცა თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას. ქართულ ენაზე საუბარი აუკრძალეს მასწავლებლებს და მომსახურე პერსონალს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთანაც. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „განათლების უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა. ის განმტკიცებულია როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს შესასრულებლად სავალდებულო ხელშეკრულებებით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ აკონკრეტებს, რომელ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს სწავლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განათლების უფლებას აზრი დაეკარგებოდა, მისით მოსარგებლეებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება რომ არ ჰქონდეთ“. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევის შესახებ საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და უზრუნველყოს მისი საკითხის განხილვა როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ამასთან, გამოიყენოს სამართლებრივი მექანიზმები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

დემოკრატიის

 | 

კვლევის

 | 

ინსტიტუტი

 | 

ახალგორის

 | 

სკოლებში

 | 

ქართული

 | 

აკრძალვამ

 | 

საგანგაშო

 | 

მიიღო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources