Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 23 days ago

თამარ ჩუგოშვილი: დღევანდელი კენჭისყრის შედეგები სხვა გზას არ მიტოვებს

მე იმიტომ ვტოვებ თანამდებობას და უმრავლესობას, რომ ძალიან გამიჭირდება იმის ახსნა, რატომ ვერ მიიღო პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილება - უთხრა რადიო თავისუფლებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა. მან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის და საპარლამეტო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დღეს, 14 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ბოლო თვეებში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, არა მხოლოდ ქართულ, საერთაშორისო საზოგადოებასაც უხსნიდა და არწმუნებდა, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდოდა. „ყველა ამ ადამიანის მიმართ მე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. შესაბამისად, დღევანდელი კენჭისყრით ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ყველაფერი, რაზეც ამ თვეების განმავლობაში მე პირადად ყველას ვარწმუნებდი, ამ პირობას ვერ შევასრულებ. ამიტომ, მე როგორც პარლამენტის ერთი წევრი, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ასეთ გადაწყვეტილებაზე. მე უბრალოდ, სხვა გზა არ მრჩება დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ჩუგოშვილის თქმით, არ ჰქონია უმრავლესობიდან გასვლის სურვილი და ეს არც წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული ყოფილა: „პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, გუშინ გაჩნდა რეალურად ეს განცდები და ეჭვები, რომ შეიძლებოდა კენჭისყრის პროცესი სხვანაირად წარმართულიყო. შესაბამისად, მე არც ორგანიზება დამიწყია, არც მომხრეების ძებნა და ასე შემდეგ. მე, როგორც ერთმა ადამიანმა მივიღე გადაწყვეტილება და რამდენიმე დეპუტატმა თავისი პირადი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არ არის არც დაორგანიზებული, არც წინასწარ დაგეგმილი. ეს არის ჩვენი რეაქცია კენჭისყრის შედეგზე“. თამარ ჩუგოშვილის გარდა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ. დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

Related news

Latest News
Hashtags:   

თამარ

 | 

ჩუგოშვილი

 | 

დღევანდელი

 | 

კენჭისყრის

 | 

შედეგები

 | 

მიტოვებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources